×òåíèå RSS





მთავარი » 2010 » ივნისი » 6 » მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი


ბიოგრაფია:

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი [დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი] — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 20 იანვრიდან, ასევე 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე, პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამფუძნებელი. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში [პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36-ი წლის ასაკში]. მეუღლე წარმოშობით ჰოლანდიელი - სანდრა რულოფსი, ჰყავთ შვილები ედუარდი და ნიკოლოზი.

ადრეული ბიოგრაფია
მიხეილ სააკაშვილი დაიბადა თბილისში, იმჟამად საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. მამამისი, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი და ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორი იყო. დედა, გიული ალასანია, პროფესიით ისტორიკოსია და თბილისის სახ. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. მცირე ხანი მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. 1994 წელს წელს იგი კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებს მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციების ესწრება. 1995 წელსვე მან სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. 1995 წელს ნიუ-იორკში იურიდიულ კომპანიაში პრაქტიკაზე ყოფნისას სააკაშვილს უკავშირდება ზურაბ ჟვანია, რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით სახელმწიფო სამსახურში მოიწვია. 1995 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ჟვანია და სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით პარლამენტის დეპუტატები ხდებიან. პარლამენტში სააკაშვილი ახალი საარჩევნო სისტემის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და არაპოლიტიკური საპოლიციო ინსტიტუტის შექმნაზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2000 წლის იანვარში სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. 2000 წლის 12 ოქტომბერს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. ამ პერიოდში გატარდა სასამართლოს რეფორმა. 2001 წელს ის ღია კონფრონტაციაზე გამოდის ეკონომიკის მინისტრი ივანე ჩხარტიშვილ, სახელმწიფო მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაური იოსებ ალავიძესთან და მათ კორუფციულ გარიგეგებში ადანაშაულებს. 2001 წლის 5 სექტემბერს სააკაშვილი გადადგა მინისტრის პოსტიდან იმ მოსაზრებით, რომ მას "ამორალურად მიაჩნდა შევარდნაძის მთავრობის წევრად ყოფნა". მისი მტკიცებით კორუფციამ შეაღწია საქართველოს მთავრობის ყველა სექტორში და შევარდნაძეს არ ჰქონდა მასთან გამკლავების სურვილი.

ნაციონალურ მოძრაობაში
მინისტრის პოსტიდან გადადგომისა და მოქალაქეთა კავშირიდან წასვლის შემდეგ 2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი აფუძნებს გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას, მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ პარტიას, რეფორმისტული პლატფორმით. 2002 წლის ივნისში არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობასა და ლეიბორისტულ პარტიას შორის შეთანხმების შედეგად. ამ პოსტზე მას ძლიერი ახალი პლატფორმა შეექმნა, საიდანაც ის მთავრობის კრიტიკას შეძლებდა. 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა მრავალი დარღვევა დააფიქსირეს. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მას არჩევნებში გამარჯვებული ჰქონდა [რასაც დამოუკიდებელი ეგზიტ-პოლების უჭერდნენ მხარს], და მოუწოდებდა საზოგადოებას შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე გამოსულიყვნენ და არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია გამოეცხადებინათ. სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატები აერთიანებენ ძალებს შევარდნაძის მთავრობის გადასაყენებლად და არჩევნების ხელახლა ჩასატარებლად. ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ჩატარდა თბილისში ნოემბერში, რომელსაც დაახ. 100.000 ადამიანი დაესწრო. საპროტესტო აქციებში აქტიურობდნენ ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა" და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა თავისუფლების ინსტიტუტი. ორკვირიანი დემონსტრაციების შემდეგ, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა. დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გახდა. საგარეო მხადაჭერის გასამყარებლად მიხეილ სააკაშვილმა ლობისტად რენდი შონემანი, მაკკეინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, და დენიელ კუნინი, დაიქირავა. 2004 წლის 24 თებერვალს გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული დემოკრატები გაერთიანდნენ. ახალ პოლიტიკურ მოძრაობას "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები" დაერქვა. მოძრაობის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტედად პენსიების გაზრდა და ხელმოკლეთათვის სოციალური დახმარებების გაწევა, ასევე კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწოფო შემოსავლების ზრდა გახდა.

პრეზიდენტობა
2004 წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხმების 96%-ით, რითაც ის ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. სააკაშვილის საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო. ის ასევე მოსახლეობას შეჰპირდა გარე მსოფლიოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებასაც. მიუხედავად პრო-დასავლური ორიენტაციისა, ის ასევე პირობას დებდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მას მემკვიდრეობად ერგო მძიმე ეკონომიკური ვითარება და გადაუჭრელი ეთნოკონფლიქტები აფხაზეთსა და შიდა ქართლში [ე. წ. სამხრეთ ოსეთში]. ამ რეგიონებში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა. სააკაშვილის პრეზიდენტად კურთხევის ცერემონია 2004 წლის 25 იანვარს შედგა. მისი პირველივე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული დროშის შეცვლა გახდა. 26 იანვარს, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ცერემონიაზე, მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთის გროზნოდან ჩამოსვენების უფლებას იძლეოდა. მანვე გასცა 1993-94 წლებში გამსახურდიას მომხრე 32 პატიმარის გათავისუფლების განკარგულება. მისი პრეზიდენტობის პირველი თვეების მთავარი პოლიტიკური სირთულე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერი ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა გახდა. კრიზისი შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაქცევის საშიშროებაში გადაიზარდა, თუმცა სააკაშვილის მთავრობამ მოახერხა კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრა. 2004 წლის 6 მაისს ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთში გაიქცა. აჭარაში წარმატებით იმედმოცემული სააკაშვილი იწყებს ინტენსიურ მოქმედებას სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში მოსაქცევად. რასაც სეპარატისტულმა მთავრობამ რეგიონის ინტენსიური მილიტარიზაციით უპასუხა. სიტუაცია გამწვავდა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა 2004 წლის აგვისტოში, რაც არაერთი სამშვიდობო მოლაპარაკების მიუხედავად დიდი ხნით გადაუჭრელი დარჩა. 2006 წლის ივლისში სააკაშვილის მთავრობამ წარმატებით მოახერხა აფხაზეთის კოდორის ხეობის შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გაწმენდა და იქ ქართული იურისდიქციის დაწესება. დაჯგუფებების მეთაური ემზარ კვიციანი რუსეთში გადაიხვეწა.

ეკონომიკური პოლიტიკა
სააკაშვილი ლიბერალური ეკონომიკის აქტიური მხარდამჭერია და სწამს, რომ სასურველია მთავრობა ბიზნესში ნაკლებად ჩაერიოს.[საჭიროებს წყაროს მითითებას] მისი ადმინისტრაციის პერიოდში ქართულმა ეკონომიკამ საგრძნობლად წაიწია წინ, რასაც საგადასახადო კოდექსის გამარტივებასა და განაკვეთების შემცირებას მიაწერენ. მშპ-ის ზრდამ 2004-2007 წლებში წელიწადში საშუალოდ 9% შეადგინა. ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების შედეგი ქვეყანაში კორუფციის მკვეთრად შემცირება გახდა. ამასთან, 2007 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ნომერ პირველ ეკონომიკურ რეფორმატორად გამოცხადდა. ასევე, საქართველო რანგით მე-18 ქვეყანა გახდა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილით, მაშინ როდესაც ქვეყნის მეზობლები რიგით მე-100-ს სცილდებიან, მსოფლიო ბანკის ამავე რეიტინგის მიხედვით.

საგარეო პოლიტიკა
პრეზიდენტი სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ნატოში გაწევრიანებაა, რაც საქართველოს სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს. ის ასევე დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან ინტენსიური დიალოგის მომხრეა. ითვლება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ის ამ კონფლიქტის დიპლომატიური გადაჭრის მომხრე იყო. სააკაშვილმა გააორმაგა ქართული სამხედრო პერსონალის რაოდენობა ერაყში, რითაც კოალიციის ძალების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი გახდა. მან ასევე გაზარდა კონტინგენტი კოსოვოსა და ავღანეთში "გლობალური უშიშროების" საქმეში საქართველოს წვლილისთვის. სააკაშვილი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა აშშ-ის ხელმძღვანელობასა და ნატოს სხვა მთავარ ქვეყნებთან.










ავტორი: ShaDoW | რეიტინგი: 0.0/ | ნანახია: 703 | რიცხვი:18     


სულ კომენტარები: 0  


ავტორიზაცია

რეკლამა

  
 
 
 
 
 
 
 

TOP ავტორები


ShaDoW
null

nullსიახლე
548
nullკომენტარი 48
nullრეპუტაცია 9


fReDzY
null

nullსიახლე
302
nullკომენტარი 3
nullრეპუტაცია 8


cripa
null

nullსიახლე
230
nullკომენტარი 11
nullრეპუტაცია 10


სტატისტიკა

სულ ონაინში 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0