×òåíèå RSS





მთავარი » 2010 » მაისი » 18 » კაბუ
კაბუ


რატომ გრძნობს თავს კაბუ მოტყუებული და „გაფარჩაკებული" თაობის ნაწილად და როგორ შეცვალა „პრარაბმა" მისი ცხოვრება


ის უკვე დიდი ხანია არც სცენაზე დგას და არც ეკრანზე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ერთიც და მეორეც ბევრზე კარგად გამოსდის და ხშირ შემთხვევაში სწორედ კახა აბუაშვილისთვის დადიოდა მაყურებელი თეატრალურ სარდაფში, როგორც ჩანს, მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი იმისთვის რომ საყვარელი საქმე აკეთო. რა უშლის ხელს კაბუს, რას განიცდის ყველაზე მეტად და რა არ მოსწონს თავის საყვარელ თბილისში.

კაბუ: მუდმივი კითხვა რაც ჩემს მიმართ ისმის – სად ვარ, რატომ არ ვჩანვარ და ასე ერთი, კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს. ამის მიზეზი ბევრია, არც მიკვირს ეს შეკითხვები, რადგან, როდესაც პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ და ჩანხარ, მზად უნდა იყო კითხვებზე პასუხის გასაცემადაც. ყველგან გიწევს რაღაცის ახსნა, იქნება ეს ქუჩაში, პარლამენტში, მილიციაში სასამართლოში თუ ციხეში. სულ ამ ახსნებში ვარ. რომ გამოჩნდე. უნდა გქონდეს ხალისი, ფული და ნერვები. ამ ყველაფერთან ერთად შენი გამოჩენა უნდა უნდოდეს ხალხს, მოთხოვნილება უნდა იყოს.

– კარგი, დავიწყოთ იმით, რაც პირველი თქვი რამ დაუკარგა კაბუს ხალისი?

– (იცინის) რასაც ფიქრობენ, იმას „ცვეტში„ არ დაუკარგავს ჩემთვის ხალისი. უკვე დაკომპლექსებული ვარ და მგონია, რომ ყველა ჩემს ნებისმიერ საქციელს ნარკოტიკებს უკავშირებს – „კაბუ, ისა და წამალი..." კარგი რა, „გაეშვით" ამ თემას, საერთოდ არ მაინტერესებს ეგ თემა, აღარ მაინტერესებს და თავიდან ნუ მალაპარაკებთ. დაივიწყეთ. ანუ პირიქით, მას შემდეგ რაც ამ ამბებთან შეხება აღარ მაქვს, ხალისი დამიბრუნდა. ერთხელ დავანებე, მერე ისევ დავუბრუნდი. ეს ისევ და ისევ, ადამიანების მხრიდან უნდობლობამ გამოიწვია. თან სულ იმას მეუბნებოდნენ, რატომ ამტყუნებ კახა, რატომ უნდა სჯეროდეთ შენი?! მოიცა რა, რატომ ვამტყუნებ?! იმიტომ რომ, არ შეიძლება, ადამიანს მთელი ცხოვრება უნდობლად უყურო, არ შეიძლება და ამიტომაც ვამტყუნებ. ეს ერთი. არ მინდა ვიწუწუნო, ყველამ იცის რატომ არ მაქვს ხალისი და არ მინდა ამაზე კიდევ საქვეყნოდ ლაპარაკი, გული მერევა ისეთ ტიპებზე, რომლებიც საკუთარ თავზე ჩივიან.

– მთელ ამ სიტუაციაში საკუთარ დანაშაულად რას მიიჩნევ?

– ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ გამარჯობას ვამბობდი და ფულს არ ვახდევინებდი, აი ეს არის. ყველამ ჩათვალა, რომ კაბუ? მერე რა!

– იყო შენს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც მიხვდი, რომ აღარ ჭირდები არავის?

– ვის ვჭირდები, გეხვეწები. მარტო მე და ჩემი ძმაკაცები ვუსმენთ ჩემს სიმღერებს, მაგრამ ამას უკვე დიდი ხანია შეგუებული ვარ. კინოში და სპექტაკლებში თამაში მინდა, ხალხნო, რა ვერ გაიგეთ?! არ მჭირდება ეს ჰიპ-ჰოპი. ჰიპ-ჰოპს ვჩუქნი ლექს-სენს მას ჰქონდეს. ფული რატომ არ არის? – ეს კითხვა ალბათ არ გაგიჩნდებათ.

– თეატრში რატომ არ ხარ?

– იმიტომ რომ, ამ ქვეყანაში არავინ საკუთარი საქმე არ იცის, მუშამ – მუშის და „პრარაბმა„ – „პრარაბის". თეატრში შუა ფესტივალის დროს „შტანგეტი„ ჩამოვარდა, არადა სულ ცოტა ხნის წინ იყო ყველაფერი გაკეთებული, როდესაც ლევან წულაძემ „შტანგეტის" მეოთხე ჩამოვარდნის დროს „პრარაბს" ჰკითხა მიზეზი, იცი როგორ ახსნა?! როგორ ჩამოვარდა, ხომ გავსინჯე, აი, კარებში სქელი კაცი რომ დგას, ის დავკიდეო. „პრარაბმა" თქვა ეს და ამიტომაც არ ვარ თეატრში. ველოდები თეატრის გარემონტებას და მერე აუცილებლად მნახავთ მარჯანიშვილის თეატრში. ჭოლა არ გამწირავს, არ არსებობს.

– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე, რითი ხარ დაკავებული?

– ძალიან ერთფეროვანი და ეს არავის ბრალი არ არის. არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ამაზე ვწუწუნებ და ვინმეს რამეში ვადანაშაულებ. უბრალოდ, მაინც ყველაფერი იმის ბრალია, რომ ალბათ, ცუდად გავიზარდე. აქ დედაჩემს და მამაჩემს არ ვგულისხმობ. ძალიან „ცუდად" პრინციპული ტიპი ვარ, არასდროს მიმაჩნდა კარგ ტონად ვინმესთან მისვლა და რაღაცის თხოვნა. ადამიანი, რომ მეტყვის კახა ხვალ დაგირეკავ და არ დამირეკავს, მე ვეღარ ვურეკავ. არ დამირეკა და რა ვქნა, იმდენჯერ ხომ არ დავურეკავ, სანამ არ იტყვის, რა ტვინი შემიჭამა ამის დედაცო... არადა, უეჭველად იტყვის.

– რას ნიშნავს დღეს კაცობა, ვაჟკაცობა...

– რას ღადაობ?! რა არის ეგ, რას ნიშნავს ეს სიტყვები?! ეგ რომელია? მაშინ, როდესაც ქუჩაში ვიყავი, ამით ბევრ რამეს ვსწავლობდი. თავისთავად ისწავლებოდა ეს ყველაფერი. ძველბიჭობაზე პრეტენზია არასდროს მქონია, ყოველთვის სხვა რაღაცეების კეთება მინდოდა. თუმცა, მათ შორის მეგობრები მყავდა, მყავს და მეყოლება. გლობალურად კი არ ვამბობ, კონკრეტულ ტიპებს ვგულისხმობ, რომლებიც ამწუთას არ არიან საქართველოში მაგრამ ისინი ცხოვრების ბოლომდე ჩემი ბავშვობის ძმაკაცებად დარჩებიან. ვერ ვიტყვი მათზე უარს, ხალხნო, სულ რომ „პა ჟიზნენი მახეხინონ". პრინციპში აღარავინ დარჩა საქართველოში, კაცები აქ აღარ ცხოვრობენ.

– აბა, როგორ შემორჩი აქაურობას?

– ალბათ, ბევრ რამეს შევეგუე. სულ ჯარიმებს ვიხდი და რაღა ვქნა მეტი? (იცინის). ახლა ჭკვიანად ვიქცევი და ყოველდღე ავტომობილის გაჩერების გამო, იმ ადგილებშიც კი, სადაც დიდი ასო „P" წერია, ოცლარიან ჯარიმას მიწერენ. რატომ?

– ამიტომ უნდა დააწერო – „მე მიყვარს თბილისი".

– და, არ მიყვარს და როგორ უნდა დავაწერო? მოვიტყუო? კარგი, მოვიტყუები და დავაწერ. აღარ მაქვს ფული და იძულებული ვარ გავაკეთო ის, რაც არ არის ჩემს გულთან. იცი რა, არავისთვის არაფერი დამიშავებია. რასაც ვაკეთებდი, ამით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს და ჩემს ოჯახს დავუშავე. მოდი რა, ნურავინ ნუ იტყვის, რომ ამით ვინმეს ვაფუჭებდი ან რამეს ვუშავებდი. ერთ რაღაცას გეტყვი და ყველაფერს მიხვდები, მე „სველი იასამანის" თაობა ვარ. დამთავრდა ამით ყველაფერი. მოტყუებული და „გაფარჩაკებული" თაობის წარმომადგენელი. რაც გავაკეთე, ამაზეც მადლობა უნდა გადამიხადონ. ერთი თვეა, რაღაცეების დაწერას ვაპირებ. ფურცლები მეგობარს გამოვართვი მასთან ვიყავი, დავინახე ეს ფურცლები და ვთხოვე, მომეცი, რაღაც უნდა დავწერო-მეთქი და წამოვიღე. ყოველ საღამოს მივდივარ, ვამოწმებ როგორ დევს ეს ფურცლები მაგიდაზე, ზემოდან ადევს კალამი ერთი ათი წუთი ვუყურებ და მივდივარ.

– იყო პერიოდი, როდესაც აყვავდა თეატრალური სარდაფი, სადაც მართლა კაშკაშებდა კახა აბუაშვილი. ბევრმა მერე გაიგო, რომ ეს სწორედ ის კახაა, რეპერი კაბუ...

– იყო ასეთი პერიოდი ნამდვილად, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს. მე სამსახური არ მქონია არასდროს, თეატრში დავდიოდი. როგორც კი გავიღვიძებ დილით და ვიტყვი, სამსახურში მივდივარ-მეთქი, იმ წუთიდანვე წამოვალ თეატრიდან. ჰო, სულ მთლიანად დაცლილი ვარ, აბსოლუტური ჩალა ვარ, თვალებზეც ხომ მეტყობა, რომ ისე აღარ მიბრწყინავს, როგორც მიბრწყინავდა მაგრამ თეატრის ენერგია სულ მაქვს. დარწმუნებული ვარ, თვალებიც ეგრევე ამენთება. ბავშვობაზე ვსაუბრობდით, რომელიც მართალია მძიმე იყო, მაგრამ დაჩაგრული და საცოდავი არასდროს ვყოფილვარ, ელემენტარულის საშუალება სულ გვქონდა. შემდეგ როდესაც თეატრალურში ჩავაბარე, ომი დაიწყო და წავედი, ჩამოვედი და მერე არ სჯეროდათ, რომ ვიყავი.

– რატომ წახვედი?

– „პატრინოტში" სიმღერას, ომში წასვლა მერჩივნა ჩემი ქვეყნის გამო და ამიტომ წავედი. არც მესმოდა, სიმართლე გითხრა, იმ წუთში რა ხდებოდა და რა ომი იყო. მთავარია, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს ქვეყანას ვჭირდებოდი. მეორე კურსზე ვიყავი. დებილი ვიყავი... თან ვერც ვერაფერი, რომ ვერ ვნახე ამ ომში ეგ არის მთელი უბედურება. ერთი ტყვიაც ვერ ვისროლე, ისე გამომაბუნძურეს იქიდან და მრცხვენოდა. ახლაც მრცხვენია, რომ ვამბობ, იქ ვიყავი-მეთქი. ბევრად ჩემზე მეტი სამსახური გაუწიეს საქართველოს ჟურნალისტებმა, რომელთაც იარაღი საერთოდ არ სჭერიათ. ვერაფერი ვერ გავაკეთე, გესმის?

– რა იყო ამის მიზეზი?

– იმიტომ რომ, ომი დამთავრდა. დილით, რომ გავიღვიძე, ჩემი ნაწილი აღარ იყო, წასულან. ასეთი რამ ფილმშიც კი არ მინახავს. ორი კაცი დაგვტოვეს. მანამდე ცხენისწყალზე ავტომატები რომ მოგვცეს, გვითხრეს, ვინც იქ არ მოხვალთ, მოღალატეებად გამოგაცხადებთო. მე შეურაცხყოფად მივიღე და თურმე, „რას ღადაობ„?! ოცმეთაური, რომ გადაგიდგება ცხენისწყალთან, დავიღალეო, იქ რაღაზეა ლაპარაკი. კინდღში, ზუსტად ომის ხაზთან მივედით. დილით გავიღვიძეთ და მხოლოდ ორი ადამიანი ვიყავით იქ დარჩენილები. წარმოიდგინე, 1993 წლის 26-ია უკვე, ომის ბოლო დღეები, თან დედაჩემის დაბადების დღე იყო ომში რომ „მოვხიე„, ჰო, კაი ბიჭი ვარ, როგორი საჩუქარი მივუძღვენი დედას? წავედით. „ჩერეზ" ახალდაბა, ანუ ბრძოლით უნდა გადავსულიყავით სოხუმში. საბუთები, დანები, „ჟეშტის" ბეჭდები და ასეთი რაღაცეები დაგვატოვებინეს, არ ვიცი რატომ-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. ახლა უკვე გადასარევად ვიცი, რატომაც. თან გვეუბნებოდნენ, რად გინდა, შვილო, ვინმემ არ დაგინახოსო. იქ ვერ ვხვდებოდი, ამ ყველაფერს, ერთი მეორეს აკოფში ჩაუხტა, წამალი სად წაიღეო. შუაგულ ომში ვართ, ხალხო, ვაგებთ. იმ მეორემ, ხათუნას საფლავს ვფიცავარ, „სიდენიაზე" დაგიგდე ბიჭოო! გაოგნებული სახით ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი, „ვაფშე" რა ხდებოდა, სად ვიყავი. მერე გავიღვიძე და მარტო აღმოვჩნდი. უკან წამოვედი, რაღა უნდა მექნა, ომი დამთავრებული იყო. წამოვედი და მერე ზვიადისტებმა დამიჭირეს ზუგდიდში, „შენ, ბებერი მელას ბიჭი ხარო", ამის ძახილით გაგვძარცვეს და გამოგვიშვეს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დავინახე მაინც რაღაც-რაღაცეები და მოტყუებული არ დავრჩი. მონაყოლით კი არა ჩემი თვალით ნანახი ვიცი ყველაფერი და ვერავინ მომატყუებს. და ამ ომს რამდენი ვაჟკაცი შეეწირა, მათ შორის უამრავი „მხედრიონელი„, რომელიც მართლა მაგრად იბრძოდა. და ეს ყველაფერი ვიღაც სამი ნაძირალას გამო. თეატრის ფუნქცია ახლა, დღეს, საზოგადოების გადარჩენაა და ამას ლევან წულაძე ცდილობს. აქედან უნდა ვიომო მეც. შუაში ვდგავარ, არც იქით ვარ და არც აქეთ და თავი დამანებონ. მოდი ასე ვიტყვი, არც უცნობი ვარ და არც ლექს-სენი. უცნობობა „ვაფშე" არ მინდა და ლექს-სენობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. შუა ხაზზე ვდგავარ გაუნძრევლად და „გამეშვან" ეე!










ავტორი: ShaDoW | რეიტინგი: 0.0/ | ნანახია: 810 | რიცხვი:22     


სულ კომენტარები: 0  


ავტორიზაცია

რეკლამა

  
 
 
 
 
 
 
 

TOP ავტორები


ShaDoW
null

nullსიახლე
548
nullკომენტარი 48
nullრეპუტაცია 9


fReDzY
null

nullსიახლე
302
nullკომენტარი 3
nullრეპუტაცია 8


cripa
null

nullსიახლე
230
nullკომენტარი 11
nullრეპუტაცია 10


სტატისტიკა

სულ ონაინში 3
სტუმარი 3
მომხმარებელი 0