ჩემი რესპონდენტი მსახიობი - შორენა ბეგაშვილი გახლავთ. თამამი ნაბიჯისთვის
მამაკაცების ჟურნალისთვის გაშიშვლებისთვის ის არაერთხელ გააკრიტიკეს. მერე
დაიწყო სერიალი - "კაბარე 5 ვარსკვლავი". თავისი პერსონაჟის სახელს -
სერიოზულად აპროტესტებდა. პროტესტი დღესაც არ გამქრალა.
-
არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ბიჭური თამაშებით ვიყავი გატაცებული.
მაშინდელ ფოტოებში სულ თოფი და ტანკი მიკავია ხელში. ბიჭებთან ვმეგობრობდი
და ბიჭური მანერები მქონდა... ერთი და მყავს, ჩემზე 10 წლით უფროსი და
ერთმანეთს "ვჭამდით". სულ მის პარფიუმერიაში ვიქექებოდი. ვთხოვდი, თავის
მეგობრებთან მეც წავეყვანე. მას, რა თქმა უნდა, ამის სურვილი ნაკლებად
ჰქონდა და ამის გამო იყო ერთი აურზაური.
- მშობლები რა პროფესიისანი არიან? - დედა დიასახლისია, მამა (რუსთავში გავიზარდე) რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა.
- მკაცრად გზრდიდნენ? -
არა. თავადვე ვხვდებოდი, ჩემთვის რა იყო კარგი და რა - ცუდი. დედ-მამაც
ყოველთვის მანებივრებდა, რადგან უმცროსი შვილი ვიყავი; ყველა სურვილს
მისრულებდნენ.
- როგორ ერთობოდი? - გოგონების წრეში ურთიერთობა
არ გამომდიოდა და არც ახლა გამომდის. თითქოს შურის თვალით მიყურებდნენ
გოგონები და ეს გულს მტკენდა. ამიტომ ბავშვობის მეგობრები სულ ბიჭები
მყავს. ისინი ჩემ მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ. ვთამაშობდით "წითელ,
ყვითელ, შავს", "გაფუჭებულ ტელეფონს".
- სკოლაში როგორ სწავლობდი? - ძალიან კარგად. ბიბლიოთეკაში ვაღამებდი. ახლა მიკვირს, იმ სიცივეში როგორ ვიჯექი ხოლმე ბიბლიოთეკაში.
- განსაკუთრებულად გიყვარდა რომელიმე საგანი, მასწავლებელი? -
ყველა მასწავლებელს ერთნაირად ვცემდი პატივს, ყველასთან ნორმალური
დამოკიდებულება მქონდა. რაც შეეხება საგნებს, არც ერთი არ მიყვარდა,
უბრალოდ, ვალდებული ვიყავი, რომ კარგად მესწავლა. პასუხისმგებლობას
ვგრძნობდი, თორემ სწავლაზე არ ვგიჟდებოდი.
- ორიანი მიგიღია? -
კი. ერთხელ ძალიან მეზარებოდა დავალების დაწერა და კლასელი ბიჭისგან
გადავიწერე. მეჩქარებოდა და არც დავაკვირდი, რა დავწერე. არადა, იმას
იმდენი სისულელე სწერებია!.. მათემატიკის მასწავლებელმა ორივეს ორიანები
დაგვიწერა. სირცხვილისგან თავი სად წამეღო, აღარ ვიცოდი. მერე ჭკუა
ვისწავლე და არავისგან აღარაფერი გადამიწერია.
- შატალოზე დადიოდი? -
დავდიოდი კი არა, შატალოს ორგანიზატორი ვიყავი. ოღონდ სადმე წავსულიყავით
ერთად და ყველაფერს ვიზამდი. ვიტყოდი: წავიდეთ-მეთქი და... კარგი მოსწავლე
ვიყავი და ვინ არ დამიჯერებდა?! უკან მომყვებოდნენ.
- სარკის წინ ტრიალი და კეკლუცობა რა ასაკში დაიწყე? -
სარკე 15 წლისამ "გავიცანი". ვხედავდი, როგორ ვიცვლებოდი, როგორ
მეცვლებოდა სხეულის ფორმები და ეს ქალაბიჭა გოგო როგორ ვნაზდებოდი.
წარბები რომ გამიხშირდა, გავგიჟდი, ჩემი თავი აღარ მომწონდა.
- გახსოვს შენი პირველი ემოცია, როცა საწინააღმდეგო სქესის ყურადღება მიიქციე? -
ჩემი ემოცია ბუნებრივი იყო. მივიჩნიე, რომ ქალი იმიტომ არის ლამაზი, რომ
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის ყურადღება მიიქციოს. მსიამოვნებდა
კომპლიმენტები.
- ბიჭებთან ვთამაშობდიო, - მითხარი. სურვილი თუ გიჩნდებოდა, მათივე სქესის წარმომადგენელი ყოფილიყავი? -
არა, არა! სასიამოვნოა, რომ ქალი ვარ და მეორედაც რომ მეცხოვრა, ისევ ამ
სქესს ავირჩევდი. ვგიჟდები საკუთარ თავზე! არ ვიცი, რატომ უნდა მომინდეს,
წვერულვაშიანი კაცი ვიყო (იცინის). არ მინდა!
- პირველი პაემანი გახსოვს? -
მახსოვს. აუტანელი სიცხე იყო. თავბედს ვიწყევლიდი, რისთვის მოვედი
პაემანზე-მეთქი. ძალიან დიდ უაზრობად მომეჩვენა ის შეხვედრა. ვერ გამეგო,
რა მეკეთებინა, შებოჭილი ვიყავი. ეს იყო შეხვედრა ჩემს მომავალ, აწ უკვე
განქორწინებულ მეუღლესთან.
- უფრო დეტალურად მომიყევი ამ შეხვედრის შესახებ. -
მოკლე ქვედაბოლო და თეთრი მაისური მეცვა. ცხელოდა და პარკში გავისეირნეთ,
წვენი დავლიეთ. ისეთი მომაბეზრებელი იყო, რომ აღშფოთებული და განრისხებული
მოვედი სახლში - რა სისულელე ჩავიდინე და რა დრო დავკარგე-მეთქი.
- მტირალა ხარ? - მარტო როცა ვარ, კი, მაგრამ ხალხთან არ ვტირი. მეგობრებთანაც კი ვიკავებ თავს. ვცდილობ, სხვას არ დავანახვო ჩემი ცრემლები.
- რაზე შეიძლება, იტიროს შორენამ? - უამრავ რამეზე: ფილმის სევდიან ფინალზე, მულტფილმზე, პატარა გულისტკენაზეც კი...
- ალბათ არაერთი მამაკაცი ყოფილა შენზე ცალმხრივად შეყვარებული. -
ჩემზე არა, ისინი იმ შორენაზე არიან შეყვარებულნი, რომელსაც ეკრანსა ან
ჟურნალებში ხედავენ. ისინი ხომ რეალურად არ მიცნობენ? რომ გამიცნონ,
შეიძლება, ისიც თქვან, - ეს რამ შემაყვარაო.
- რატომ? შეგიძლია, საკუთარ ნაკლზე გულახდილად ილაპარაკო? - (ფიქრობს) მაგალითად, არ ვიცი კერძების მომზადება. არ მეზარება, უბრალოდ, არ გამომდის.
- აბა როგორ კვებავდი შენს ყოფილ მეუღლეს? - (იცინის) ის მკვებავდა. 8 წელი ვიცხოვრეთ ერთად და თავად ამზადებდა კერძებს.
- და ასეთი მამაკაცი მიატოვე?! - რა მექნა?!. სხვა ნაკლი ვუპოვე ისეთი, რომ ჯობდა, კერძები მე მეკეთებინა.
- რა ნაკლი?! - არ მინდა ძველი ტკივილის გახსენება..
- ნანობ, რომ გათხოვდი? -
არა, ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.
ჩემს ცხოვრებაში ასეა. როცა მგონია, რომ ღმერთმა მიმატოვა, აღარავის
ვჭირდები, სწორედ მაშინ იცვლება ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ. ამან ძალიან
მომთმენი გამხადა და როცა მძიმე დღეები მაქვს, თავს ამ სიტყვებით
ვიმხნევებ, - ესეც გაივლის...
- რამდენდღიანია შენი დეპრესია? -
ქმარს რომ დავცილდი, თვეების განმავლობაში სახლიდან არ გავდიოდი,
ადამიანების დანახვა არ მინდოდა. მაგრამ ახლა ჩემი შვილით ვცხოვრობ.
ბედნიერი ვარ, თუ მას რამით ვახარებ.
- როგორი დედა ხარ? -
ძალიან ლმობიერი. შვილისთვის არასდროს დამიყვირია და მით უმეტეს, არ
დამირტყამს. როცა სხვა დედები შვილებს სცემენ, ძალიან ვბრაზდები. ჩემი 7
წლის ევა დამჯერია, პატარა მეგობარივით მყავს; ცდილობს, არ მანერვიულოს,
გამიფრთხილდეს. გასაოცარი ურთიერთობა გვაქვს.
- ყველაზე უცნაურ თაყვანისმცემელზე მიამბე... -
ალბათ გამიჭირდება. თუმცა ჩემს გაოგნებას მართლაც ახერხებენ. ყველას
ჰგონია, რომ ძალიან თამამი ვარ, ამიტომ როცა მე რესტორანში ან კაფე-ბარში
მხედავენ, თავს უფლებას აძლევენ, მიმტანს სთხოვონ, ჩემთან მოვიდეს და
ტელეფონის ნომერი გამომართვას. ეს ძალიან მაღიზიანებს, ჰგონიათ, ისეთი
ცხოვრებით ვცხოვრობ, როგორითაც "კუკი". არადა, ეს სახელი საშინლად
მაღიზიანებს და არც მისი ცხოვრებით ვცხოვრობ. ასე რომ, ქართველო
მამაკაცებო, გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, შორენა "კუკი" არ არის!!!
- რა მოგიტანა პოპულარობამ? -
ყველა საქმე ადვილად გამომდის. მცნობენ, მიღიმიან, არ მალოდინებენ,
მეხმარებიან, მესალმებიან. მეც გავთამამდი და ყველას, ვიცნობ თუ არა, თავს
ვუქნევ მადლიერების ნიშნად (იცინის).
- როგორ იღებ კრიტიკას? -
თუ ვხვდები, რომ სამართლიანი კრიტიკაა, ვიღებ და ვითვალისწინებ კიდეც.
მაგრამ თუ უსამართლოა და მხოლოდ იმისთვის მაკრიტიკებენ, რომ ვიღაცას
ვეზიზღები, რა თქმა უნდა, ვბრაზდები.
- რატომ უნდა ეზიზღებოდე ვიღაცას? - იმიტომ, რომ მისი ქმარი ან შეყვარებული მიყურებს ტელევიზორში. ასეთი მართლა ბევრია. ამის გამო ამომიღეს თვალში და მაკრიტიკებენ.
- დაბადების დღეზე ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ძვირად ღირებული მანქანა რომ გისახსოვროს, მიიღებ საჩუქარს? -
ეს საჩუქარი რომ მივიღო, ის ადამიანი ჩემი თაყვანისმცემელი აღარ იქნება,
ჩვენს ურთიერთობას სხვა სახე მიეცემა და სხვა სახელიც დაერქმევა. ამიტომ
ჯერ კარგად უნდა დავფიქრდე, მინდა კი ეს მანქანა თავისი მძღოლიანად
(იცინის)? თუ მარტო მანქანა მინდა, ჯობია, თავად შევაგროვო ფული და ვიყიდო.
- რა არ მოგწონს ქართული ტრადიციებიდან? -
უსასრულო სუფრები არ მიყვარს. ზოგადად, ჭამა არ მიყვარს, ამდენად, დიდხანს
სუფრასთან ვერ ვჩერდები. კიდევ არ მომწონს, როცა დედები და მამები
ზრდასრული შვილის საქმეში ერევიან, 50 წლისაც რომ იყოს, მაინც
უკონტროლებენ, სად წავიდეს და სად - არა; ვისთან შექმნას ოჯახი და ვისთან
- არა. შვილს დამოუკიდებლად ვზრდი. ვერ შევურიგდები იმ ფაქტს, რომ მე, 27
წლის ასაკში მშობლების ხარჯზე ვიცხოვრო.
- რა არ მოგწონს ქართველ მამაკაცებში? - უიმე, ჯანდაბა მაგათ (ხარხარებს)! არაფერიც არ მომწონს.
- მაშ, დარჩენილხარ გასათხოვარი. მე კი ვვარაუდობდი, კერძების მომზადებაში ვარჯიშობს მომავალი ოჯახის შესაქმნელად-მეთქი. -
არა. ნამდვილად არ ვვარჯიშობ. სულ ავიღე ხელი კულინარიაზე. როცა ხელფასს
ვიღებ, თანხას გადავინახავ ხოლმე იმისთვის, რომ როცა მოგვინდება, მე და
ჩემი შვილი რესტორანში შევიდეთ. რა მკითხე მამაკაცებზე?
- რა არ მოგწონს-მეთქი მამაკაცებში? -
ისე, კარგად არ ვიცნობ ქართველ მამაკაცებს. ერთი-ორი წელი მაცადე და როცა
კარგად გავერკვევი, მერე ჩავწეროთ ინტერვიუ ამ თემაზე (იცინის).
|
|
ავტორი: Hardy